Skip to content
შრომის უსაფრთხოება

როგორ არჩევენ დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების კანდიდატებს და რამდენი დიმიტრი გელოვანი გვყავს ქვეყანაში?

კადრები და სპეციალისტები შრომის უსაფრთხოებაში

ბოლო პერიოდში შრომის უსაფრთხოების პერსონალზე მომატებულმა მოთხოვნამ, კომპანიები დააყენა ამ კადრების მოზიდვის და დასაქმების გზაზე, რაც უდავოდ პოზიტიური ძვრაა ამ კუთხით.

ბიზნესი “რეკრუტმენტს” საკმაოდ ფრთხილად ეკიდება და ცდილობს, რომ შესაბამისი ვაკანტური პოზიციები მაქსიმალურად მულტიფუნქციური ადამიანებით შეავსოს.

დღევანდელი ბლოგ-პოსტი გვინდა დავუკავშიროთ შრომის უსაფრთხოების კადრების აყვანა-გასაუბრების პროცესს და კომპანიების მიერ წაყენებულ შერჩევის კრიტერიუმებს. ჩვენ გავესაუბრეთ არაერთ კანდიდატს, რომლებიც მსგავს პოზიციებზე გასაუბრებაზე და ტესტირებაზე იყვნენ და არა მხოლოდ რომელიმე ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან, არამედ თავად შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიებთანაც კი.

გასაუბრებებზე და ტესტებზე ძირითადი კითხვები დაკავშირებულია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ანუ პროცესი უმეტესწილად ასე მიდის: კომპანიის კადრების დეპარტამენტის (HR-ის) წარმომადგენელი ან კომპანიის იურისტი დაისვამს შრომის უსაფრთხოების სფეროში სამუშაოს მაძებარ კანდიდატს და სთხოვს უსაფრთხოების სფეროსთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კანონების, ტექნიკური რეგლამენტებისა და დადგენილებების ფაქტიურად დაზუთხვით ცოდნას.

რომ დაფიქრდე, აბა რა უნდა კითხო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს თუ არა კანონმდებლობის საზეპიროსავით ჩამორაკრაკება?! ხომ არ დაისვამ და გამოარკვევ რამდენად მოქნილი და კომუნიკაბელური ადამიანია, რამდენად აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი; შეუძლია თუ არა საფრთხეების ამოცნობა და მათგან გამომდინარე რისკების შეფასება; ესმის თუ არა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები და აქვს თუ არა ცოდნა ამ სფეროს მართვისათვის საჭირო მეთოდოლოგიების შესახებ; იცის თუ არა როგორ ხდება მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; აქვს თუ არა რაციონალურად პრაქტიკული კონტროლის მექანიზმების დანერგვის უნარი? ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია, მთავარია რეგლამენტის მე-8-ე მუხლის მე-14-ე პუნქტში რა წერია ის გიპასუხოს სხაპასხუპით.

აქვე ჩნდება განცდა, რომ შრომის პირობებზე და ურთიერთობებზე ფოკუსირებული იურისტები პრაქტიკულად შრომის უსაფრთხოება პერსონალის ექვივალენტი პროფესია ყოფილა. მაშინ რაღად გვინდა ამდენი შრომის უსაფრთხოების ტრენინგ ცენტრი? პირდაპირ ავიყვანოთ იურისტები შრომის უსაფრთხოების პოზიციებზე, დავახუროთ ჩაფხუტი და ჰაიდა ობიექტზე!

აქვე დავძენთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მომხრე ვართ, რომ შრომის უსაფრთხოების პერსონალმა ზეპირად იცოდეს ყველა ინდუსტრიაში მოქმედი კანონქვემდებარე აქტები და ნორმები; კარგად იცოდეს შრომითი ურთიერთობების ასპექტები და საერთაშორისო სტანდარტებიც, ასევე იყოს კომუნიკაბელური და კრიტიკულად მოაზროვნე. ეს სავარაუდოდ საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ასეთი ერთი დიმიტრი იყო გელოვანი და სამწუხაროდ ისიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა ?

შრომის უსაფრთხოების კადრების შერჩევა საზღვარგარეთის მაგალითზე:

ალბათ ლოგიკურია, რომ განვიხილოთ მოწინავე ქვეყნების მიდგომა „რეკრუტმენტის“ ეტაპზე. მსოფლიოს ყველა წარმატებულ ქვეყანას და ორგანიზაციას ის გზა, რასაც დღეს საქართველო გადის შრომის უსაფრთხოების განხრით, უკვე დიდი ხანია გავლილი აქვს და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ, ალბათ არ იქნება ურიგო, რომ გარკვეულ მაგალითებს მათგანაც გადავიღებთ. მათთვის შრომის უსაფრთხოების დარგის პროფესიონალი პირველ რიგში კრიტიკულად და ლოგიკურად მოაზროვნე პირია, რომელსაც მიღებული აქვს ის საბაზისო ცოდნა და უნარები, რაც მას შრომის უსაფრთხოების ასპექტების მართვაში დაეხმარება; ასევე რაღა თქმა უნდა ამ ცოდნას ზურგს ველზე მიღებული გამოცდილებაც უმაგრებს. შესაბამის ინდუსტრიაში მოხვედრილი კანდიდატი ბიზნესთან ადაპტირების ეტაპზე ეცნობა საქმიანობის სფეროს და სპეციფიკას, იღებს ნიშნულებს საკანონმდებლო რელევანტურობიდან გამომდინარე და აგროვებს შესაბამის ინფორმაციას ამა თუ იმ კანონიდან, რეგლამენტიდან, თუ ნორმიდან რაც მის სამუშაო სივრცესთან არის რელევანტური.

ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც სამსახურეობრივად გააჩნიათ საკანონმდებლო საკითხებთან შეხება არ ან ვერც შეიძლება ზეპირად ფლობდნენ კონკრეტულ საკანონმდებლო თეზებს, მუხლებს და თავებს, მაგალითად: ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეებიც კი და თავისთავად შრომის უსაფრთხოების პერსონალი. (წიგნის გადაშლა და შესაბამისი აქტის მოძებნა არ არის პრობლემა, მთავარია იცოდე რა უნდა მოძებნო)

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო  საუკეთესო გამოცდილება და დარგის პროფესიონალებმა, საზოგადოებამ და ზოგადად ქვეყანამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შრომის უსაფრთხოების სპეციალობის ფილოსოფიის, არსებული მეთოდოლოგიების, მართვის სისტემის სპეციფიკის შესწავლას და პირადი უნარების განვითარებას, ვიდრე კანონების და რეგლამენტების დაზეპირებას.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი