Covid-19 – თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების რეკომენდაციები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის თანამშრომლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.
გვინდა ყურადღება გავამახვილოთ სამშენებლო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიერ პირბადეების პერმანენტულ გამოყენებაზე. ვსაუბრობთ იმ პერსონალზე, ვინც ფიზიკურად არის ჩართული სამუშაოებში და ახორციელებს სხვადასხვა სამშენებლო აქტივობებს.
პირბადეების ტიპების განხილვა შორს წაგვიყვანს, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ რესპირატორულ დაცვას (პირბადეს) გააჩნია თავისი კონკრეტული დანიშნულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად: ზოგი მოიხმარება მტვრის ნაწილაკების შესაჩერებლად, ზოგი ტოქსიური აირებისა და სხვა მავნე აქროლვადი აირების შესაკავებლად. აღსანიშნავია სამედიცინო პირბადე, რომლის გამოყენება მკაცრად კონტროლირებულია სამედიცინო გზამკვლევებით, რაც გულისხმობს რომ სამედიცინო პერსონალი ბოქსირებულ პალატებში ამ პირბადეებით 2 საათზე მეტი არ უნდა გაჩერდნენ, არა მარტო იმ მიზნით რომ სასარგებლო გამოყენების ვადა გასდის პირბადეს, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანმა მოიხსნას პირბადე და აღიდგინოს სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ყველა პირბადეს ანუ რესპირატორულ დაცვას გააჩნია მაქსიმალური მოხმარების დროის ლიმიტები.
ახლა გვინდა ხაზი გავუსვათ მშენებლებს, მაგალითად სიმაღლეებზე მომუშავე პერსონალს რომლებსაც ვავალდებულებთ პირბადეებით იმუშაონ. პირბადეების ხარისხზე და ტიპებზე რთულია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ერთი ცხადია რომ ისინი გამოიყენებენ იაფ, მრავაჯერად, არაქარხნულ, ან საუკეთესო შემთხვევაში სამედიცინო პირბადეებს.
პირობითად, როდესაც ადამიანი 20 მეტრის სიმაღლეზე დგას და ჩართულია უშუალო ფიზიკურ სამუშაოში და პარალელურად ატარებს პირბადეს, რომელიც უდიდესი ალბათობით უქმნის ჟანგბადის დეფიციტს, ამ დროს მისთვის შეუმჩნევლად ძალზედ მოკლე დროში ის კარგავს ორიენტაციის უნარს; ნელ-ნელა ეკარგება კონცენტრაცია; უკიდურეს შემთხვევაში უნვითარდება ჰიპოქსიური შოკი და ხდება აბსოლიტურად დეზორიენტირებული. სიმაღლეებზე დეზორიენტირებული ადამიანები კი წარმოადგენენ უდიდეს საფრთხეს და ინციდენტების გამოწვევის მიზეზს.
ახლა მცირედით ჩავიხედოთ შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო პრაქტიკაში და აღვნიშნოთ რომ: რისკების შემცირების ეტაპზე პრაქტიკა გვთავაზობს კონტროლების მექანიზმებს და ჩვენს შემთხვევაში კორონა ვირუსით ინფიცირების რისკს დავუპირისპირეთ პირბადე, როგორც კონტროლის მექანიზმი. აქვე აღვნიშნავთ, საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ ისეთი კონტროლის შემოტანა, რომელიც წარმოშობს უარსეს საფრთხეს, არ არის მიზანშეწონილი და ეწინააღმდეგება „რაციონალურად პრაქტიკულ“ კონტროლის ცნებას. ვაზუსტებთ, პირბადეების პერმანენტული გამოყენება სამშენებლო სექტორში ვერ ჩაითვლება რაციონალურად პრაქტიკულ კონტროლად, რადგან იგი იქცევა დიდ საფრთხედ და შესაძლებელია გახდეს დიდი კონტრიბუტორი ადამიანების სიმაღლიდან ვარდნისა.
გვესმის, პანდემიის პერიოდში რთულია გამოარჩიო ბიზნეს სეგმენტები და ყველა მათი სპეციფიკა გაითვალისწინო, სწორედ ამიტომ ჩვენ მოკრძალებით ვთხოვდით ყველა რელევანტურ პასუხისმგებელ ინსტიტუციებს გაითვალისწინონ ეს რჩევა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით სიმაღლეებზე მომუშავეებისთვის გადაიხედოს არსებული რეკომენდაცია პირბადეების გამოყენების შესახებ. აღნიშნული კონტროლის გამოყენება უნდა იყოს რისკების შეფასების საგანი და თუ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და კომპანიის ხელმძღვანელობა დაინახავს, რომ პერმანენტულად პირბადის ტარება უფრო მეტ საფრთხეს აჩენს, ვიდრე კონტროლს, მაშინ მათ კონტროლის იერარქიის სხვა საფეხურებს უნდა მიმართონ – სამშენებლო მოედნებზე დისტანციის დაცვის კონტროლი, ხშირი შესვენებები, პირადი ჰიგიენის დაცვა და სხვა ყველა რეკომენდაცია გაცემული სახელმწიფოს მიერ.