ნახშირორჟანგი, იგივე ნახშირბადის დიოქსიდი, CO2 და ოქსიდი C(IV) – ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეულია. ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შემადგენლობაში 0,03%-ით. იგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია, რომლის სიმკვრივე 1,9 კგ/მ3-ია.
ჰაერში ჭარბი რაოდენობით ნახშირორჟანგის მუდმივმა ზემოქმედებამ, რაც გულისხმობს მის შემცველობას 2000 ppm და მეტი ოდენობით, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ოფლიანობა და ქოშინი. ასევე ცნობილია, რომ სამუშაო სივრცეში CO2-ის მაღალი კონცენტრაცია ქმნის ვირუსული დაავადებების გავრცელების მაღალ რისკს.
შენობაში CO2-ის რაოდენობას განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ფაქტორები:
- – შენობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა;
- – შენობა-ნაგებობის მახასიათებლები (მაგ: რა მასალებითაა მოპირკეთებული; რამდენი ხანია, რაც შენობა ექსპლუატაციაშია შესული და ა.შ.);
- – გარედან სუფთა ჰაერის შემოდინების მოცულობა;
- – სივრცეების ან ოთახების მოცულობა;
- – აბინძურებენ თუ არა წვის ქვეპროდუქტები შიდა ჰაერს (მაგ: მანქანა-დანადგარები, ღუმელები, თამბაქოს კვამლი და ა.შ.);
- – გარე ჰაერის კონცენტრაცია.
ვინაიდან ნახშირორჟანგი ადამიანის სუნთქვის ბუნებრივი პროდუქტია, შიდა სივრცეებში მყოფი პირები მისი მთავარი შემოქმედნი არიან. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამუშაო ადგილებზე CO2-ის მაღალი კონცენტრაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს თანამშრომლების რაოდენობისა და ვენტილაციის სიჩქარის საზომად.
შიდა სივრცეების კარგი ვენტილაცია გადამწყვეტი ფაქტორია ვირუსული ინფექციის აეროგენული გადაცემის გზით გავრცელების შესამცირებლად. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მიმდინარეობს საკლასო ოთახებში CO2-ის დონის მონიტორინგის კამპანია, რათა შემცირდეს ვირუსული დაავადებების გადაცემის რისკი.
CO2-ის რა დონეებია მისაღები შენობებში?
CO2-ის მისაღები დონეები, როგორც წესი, განსხვავებულია და სხვადასხვა ქვეყანაში – სხვადასხვაა.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მთავრობა შეთანხმდა შიდა სივრცეებში CO2-ის მისაღები დონისთვის სტანდარტების ერთობლიობაზე, ანუ:
- 800 ppm ან ქვემოთ მიუთითებს, რომ შიდა სივრცე კარგად არის ვენტილირებადი და შიდა ჰაერის ხარისხი მისაღებია.
- 1500 ppm და ზემოთ მიუთითებს, რომ ოთახი ცუდად არის ვენტილირებადი. ასეთ შემთხვევებში, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.
რეკომენდაციები განსხვავებულია, მაგალითად, აშშ-ში, კერძოდ, შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციამ (Occupational Safety and Health Administration) CO2-ის დასაშვები ზემოქმედების ზღვრად დაადგინა 5000 ppm, როგორც 8 საათის განმავლობაში დროში შეწონილი საშუალო ნიშნული, ხოლო გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინრების ამერიკული საზოგადოების (American Society of Heating, Refrigerating and Air-Conditioning Engineers) დადგენილების თანახმად, შიდა ნახშირორჟანგის დონე უნდა იყოს 700 ppm-ზე ნაკლები.
ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, იაპონიამ, კორეამ, პორტუგალიამ, საფრანგეთმა და ნორვეგიამ, CO2-ის სტანდარტად დაადგინა 1000 ppm კონკრეტული შიდა სივრცეებისთვის, მათ შორის, სკოლებისა და საოფისე შენობებისთვის.
ნახშირორჟანგით შიდა სივრცის დაბინძურების შესახებ მითითებები, როგორც წესი, მოცემულია რეკომენდაციების და არა სავალდებულო აღსასრულებელი კანონების სახით, თუმცა, დიდ ბრიტანეთში დამსაქმებლები კვლავაც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაზე, მათ შორის, საოფისე შენობების ჰაერში ნახშირორჟანგის შემადგენლობაზეც, რის გამოც 2022 წლის ივნისიდან CO2-ის დონის მონიტორინგი სავალდებულო გახდა ყველა საოფისე შენობაში. ასევე დაინერგა რეცირკულაციური ვენტილაციის ახალი სტანდარტები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს სამშენებლო ნორმატივებისა და რეგულაციების ახალი ცვლილებების ნაწილს, რომელიც გამიზნულია კომერციულ და საცხოვრებელ შენობებში ვენტილაციისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
საქართველოს მთავრობის №69 დადგენილების მიხედვით, რომელიც მიღებული იქნა 2014 წლის 15 იანვარს, საქართველოში საწარმოო სივრცეებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, მხოლოდ და მხოლოდ ჰაერისა და ზედაპირების ტემპერატურას, ტენიანობას და ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს შეეხება, ხოლო ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობის ან ჰაერცვლის სტანდარტები რეკომენდაციების სახითაც კი არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებობს კომპანია, რომელიც სამუშაო სივრცეში დანერგილი სამუშაო პირობების უმაღლესი სტანდარტით, მ.შ. და არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის მართვის, განათების და სამუშაო ადგილების ერგონომიკის მხრივ, ლიდერია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო წამყვან ქვეყნებს შორის.
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია – შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“), რომლის პოლიტიკაა, მაქსიმალურად უზრუნველყოს თანამშრომლები უსაფრთხო მიკროკლიმატით და რომელსაც უახლესი, თანამედროვე მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით დანერგილი აქვს ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგის საშუალებები, მათ შორის, CO2-ის კონცენტრაციის პერმანენტული მონიტორინგი ჰაერში.
აღსანიშნავია ასევე, რომ „ავიატორ“-ის ოფისში სრული ჰაერცვლის უზრუნველყოფის მიზნით ჰაერის რეცირკულაცია არ გამოიყენება (ჰაერცვლა მთელ შენობაში საათში 4-ჯერ ხდება), ხოლო ენერგიის დანაკარგის მინიმიზაციისთვის ჰაერის დამამუშავებელი ყველა აგრეგატი (AHU-Air Handling Unit) აღჭურვილია რეკუპერაციის მაღალეფექტური სისტემებით.
ცალკე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კომპანია „ავიატორ“-ში ზემოხსენებული სისტემები ექსპლუატაციაში 2021 წლის დეკემბერში შევიდა.
როგორც კომპანიის საინჟინრო უზრუნველყოფის წარმომადგენელი განმარტავს, ჰაერის გამწოვ სისტემებში დამონტაჟებულია CO2-ის (PPM) საზომი სენსორები, რომელიც რეალურ დროში ახდენს ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ანალიზს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება კონკრეტულ სივრცეებში ჰაერცვლის რეგულირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სივრცეში სენსორი დაზიანდა პროგრამა აღიქვამს აღნიშნულ ფაქტს და სამართავ პანელზე გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება.
ევროპის ქვეყნებში მიღებული ჰაერცვლის სტანდარტი 1 ადამიანზე 35-40 მ3-ს წარმოადგენს, ხოლო კომპანია „ავიატორ“-ის მაღალტექნოლოგიურ ოფისში 1 ადამიანზე ჰაერცვლა საშუალოდ 60 მ3-ს უთანაბრდება (მაქს. მიწოდების მოცულობა შეადგენს 90მ3-ს, საჭიროების შემთხვევაში), რაც დამსაქმებლის მიერ სამუშაო სივრცის დაგეგმარებისას მოთხოვნილი მაღალი სტანდარტების შედეგია. ზემოაღნიშნული განპირობებულია ვენტილაციის სისტემის მოქნილობიდან გამომდინარე, რაც წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელს ხდის სამუშაო სივრცეში სასურველი ტემპერატურის ჰაერის მიწოდებას (16-28oC-ის დიაპაზონი). აგრეთვე, შიდა სივრცეებში ჰაერის ტემპერატურის კორექცია არის შესაძლებელი Mitsubishi City Multi II VRV – სისტემის დანადგარების საშუალებით.
ამ დროისათვის კომპანია „ავიატორ“-ის შიდა სამუშაო სივრცეებში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ჰაერში 500-დან 600ppm-მდე მერყეობს, რაც დიდ ბრიტანეთში დადგენილ სტანდარტზე (800ppm) გაცილებით ნაკლებია(!).
შრომის უსაფრთხოების ტრენინგების პროვაიდერი და საკონსულტაციო კომპანია „SafCo“ მიესალმება პარტნიორი კომპანია „ავიატორ“-ის ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და მოუწოდებს როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს, გაიზიარონ „ავიატორ“-ში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა თავიანთ სამუშაო სივრცეებში.
SafCo გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!